საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მომზადდა კანონპროექტი, რომლითაც მასწავლებელთა ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
"აცრა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო „იუნისეფთან“ ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა.