აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია, ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და სწორედ თანადაფინანსების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წლიდან მთავრობა უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას იწყებს, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
„დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ ერთგვარი შეჯამება იმ თანადაფინანსებული პროექტებისა, რომელიც სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება დავიწყეთ, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და აშ.. ამ პროგრამების დაფინანსებით ჩვენ ჯამში 1800-ზე მეტი პროგრამის და პროექტის დაფინანსება შევძელით. აქ შედის საწარმოები, გადამამუშავებელი მეურნეობები და უამრავი პროექტი, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფინანსდა. მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჯამში ინვესტირებულია 4 მილიარდი ლარი, აქედან 800 მილიონი მთავრობის თანადაფინანსებაა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მილიარდ 800 მილიონია დაფინანსებული, აქედან 190 მილიონი არის ჩვენი თანადაფინანსება. ჯამში შეიქმნა 53 000 ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 87 000 ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხმარება იმას, რომ ეტაპობრივად მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, სიღარიბე დავძლიოთ და მეტი ადამიანი ამოვიდეს გაჭირვებიდან. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები გვაქვს, 2022 წლიდან ვიწყებთ უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას, ვაპირებთ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას მომდევნო წლების განმავლობაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი მიზანია მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა, ის, რომ ქვეყანა და ჩვენი ხალხი გახდეს თვით უზრუნველყოფილი და თვითუზრუნველყოფის დონე გაიზარდოს ქვეყანაში, რომ არ ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული და საბოლოო ჯამში გავაორმაგოთ ჩვენი ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში.
ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ დღეს გამოქვეყნდა აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 10,3% შეადგინა აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია. ეს არის უპრეცედენტო მთელს რეგიონში. მე მინდა ვთქვა, რომ ამ თანადაფინანსებების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა