14 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმი "აფხაზეთობა 2010" გაიმართება.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში კულტურული და საგანმანათლებო ღონისძიებები ჩატარდება, სადაც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის ახალგარზდული კაპელა, ცნობილი ქართველი მომღერლები, აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფები და ბავშვთა ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამის თანახმად, 11:00 საათზე აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების, მოზარდების ხელნაკეთი ნივთების, ასევე წიგნების გამოფენა მოეწყობა.
12:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, ჩრდილების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლს „აფხაზეთი - წელიწადის ოთხი დრო" წარმოადგენს. 13:00 საათზე კი მუზეუმის ამფითეატრში, აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლის „გამარჯობა სოხუმო" ჩვენებას გამართავს.
14:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართულ-აფხაზური ტრადიციული ქორწილი გაიმართება.
სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" 16:00 საათზე, გალა კონცერტით დასრულდება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, კუს ტბის ასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე,მთელი დღის განმავლობაში უფასო ავტობუსები მოემსახურებიან.
ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
„აფხაზეთობა" აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წლიდან იმართება.