მოლდოვამ შეერთებული შტატებისგან მიიღო სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია, რომლის ღირებულება 5 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტექნიკა განკუთვნილია მოლდოვის არმიის ოპერატიული თავსებადობის ამაღლებისთვის, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო ტექნიკის მიწოდება მოლდოვის არმიის განვითარებისა და რეფორმირების ერთ-ერთი ნაწილია.
თავდაცვის მინისტრ ანატოლი ნოსატის თქმით, ჯარის აღჭურვა მიმართულია "სისტემური რეფორმების გაგრძელებისკენ, რომელიც 2018 წელს დაიწყო თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისა და მოდერნიზაციისათვის, სამხედრო შესაძლებლობისა და არმიის პოტენციალის ოპერატიული გაზრდისთვის".
ხელისუფლების ძალისხმევის ფარგლებში მოლდოვა ამერიკის სამხედრო ტექნიკის პარტიას რამდენიმე ტრანშით, მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს. თუ რომელ ტექნიკაზეა საუბარი, მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს.
კიშინაუში აშშ-ის საელჩო თავის მხრივ აღნიშნავს, რომ "შეერთებული შტატები მოლდოვის თავდაცვის მოდერნიზებაში ეხმარება, რათა დაიცვას თავისი ნეიტრალიტეტი და სუვერენიტეტი".