თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. ამის შესახებ დიმიტრი შაშკინმა მანდატურებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მის უწყებას სრული უფლება აქვს ნებისმიერ სკოლაში იცოდეს რა ხდება.
"განათლების სამინისტროს ვალია, დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. გენერალური ინსპექცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და, შესაბამისად, თუ რამე დარღვევები იქნება აღმოჩენილი, გენერალური ინსპექცია ამ სკოლაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს",-განმარტა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს შაშკინმა განაცხადა, რომ 8 სოკლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამ რვა დირექტორს შორის იყო 149-ე სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე. მან ორი დღის წინ, "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში და გადადგომის თაობაზე ხელის მოწერა მოსთხოვეს. მისი თქმით, ის დირექტორის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, რადგან მას ბრალი არაფერში მიუძღვის.