დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ორი რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი მიხეილ ხუბუტიას პროდიუსერობით დაწყებული ახალი ფილმის კომენტირებისას. ფილმი რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებს ეხება.
"რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მნიშვნელოვანი და ყველასათვის სასურველი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის იყოს ნორმალური და კარგი კულტურული, საგანმანათლებლო, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ურთიერთობები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის ერთი პირობა - დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული და ორი რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, - მოხდეს დეოკუპაცია, რუსეთი არ მტრობდეს საქართველოს და აი ამის შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან გაადვილდება ფილმების გადაღებაც და მისვლა-მოსვლაც", _ აცხადებს გიგი წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია ქართულ- რუსულ ურთიერთობებზე ფილმს იღებს. ხუბუტია ფილმის პროდიუსერი იქნება. ფილმის სახელწოდების ერთ-ერთ ვერსიად "მოსკოვი-თბილისი" განიხილება.
კრემლთან დაახლოებული ხუბუტია ამბობს, რომ გადაღებები რეჟისორ რეზო ჩხეიძის თხოვნით დაიწყო. სცენარის ავტორები და რეჟისორები კი ზაზა მერაბიშვილი და ჯაბა რუაძე იქნებიან. ფილმის ერთი ნაწილის უკვე დასრულებულია. ახლა გადაღებები რუსეთის დედაქალაქში მიმდინარეობს.