ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში - სურათების გალერეაში პოლონეთის თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსში გამარჯვებული დასახელდება.
საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, გურიის რეგიონში პოლონეთის თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსი გაიმართა, რომელშიც 111 ნამუშევრით 73 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა შორის 29 ადგილობრივი პროფესიონალი მხატვარია, ხოლო 44 გურიის რეგიონში არსებული სამხატვრო სკოლების მოსწავლეები არიან.
კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 12 ნოემბერს ჟიურის მიერ გამოვლინდება, რომლის შემადგენლობაში შედიან ქალბატონი სანდრა, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ურსულა დოროშევსკა და მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი.
ჟიური 3 საპრიზო ადგილის მფლობელს გამოავლენს, რომლებსაც საქართველოს პირველი ლედის მიერ დაწესებული პრიზები - მუსიკალური ცენტრი, მუსიკალური ფლეიერი და სახლის დისტანციური ტელეფონი გადაეცემათ. ქალბატონი Uურსულა კი, პოლონეთის საელჩოს მიერ დაწესებულ პრიზს ერთ-ერთ მონაწილეს გადასცემს.
ღონისძიება დღეს, 12 ნოემბერს 14:00 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიმართება.