17 სექტემბერს, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 115 წელი შესრულდა
სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა.
მამა - დიმიტრი თაყაიშვილი - ექვთიმე თაყაიშვილის ბიძაშვილი იყო. იგი თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე გახლდათ, თავადაც წერდა იუმორისტულ ლექსებს.
დედა - მარიამ ბერეჟიანი-თაყაიშვილი.
სესილია პირველი როლი 7 წლისას უთამაშია. შალვა დადიანის "მოგზაური დასის" ერთ-ერთმა მსახიობმა ელო ანდრონიკაშვილმა იგი საშინაო წარმოდგენაში; "ყვავილთა შორის" ათამაშა. სესილიამ სპექტაკლში ყვავილისა და ანგელოზის როლები განასახიერა. ასე დაიწყო მისი თეატრალური ცხოვრება.
საშინაო წარმოდგენას მოჰყვა ბენეფისი, რომელიც 1914 წლის 6 თებერვალს გაიმართა ბათუმის თეატრში. წარმოდგენაში დანარჩენ ექვს ბავშვთან ერთად პატარა სესილია ანგელოზს განასახიერებდა. დარბაზში შუქი ჩაქრა, ხმაური მიწყდა და საცაა ფარდა უნდა გახსნილიყო. არაჩვეულებრივი განცდა დამეუფლა, იმდროინდელი ბათუმის თეატრის ძლივს შეკოწიწებული დეკორაციაც ზღაპრულ სამყაროდ გადაიქცა და მღელვარებამ ხელ-ფეხი შემიკრა, - იგონებდა შემდეგში სესილია.
1914 წელს თაყაიშვილების ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. 1915 წლიდან სესილია ჯერ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო შემდეგ - ქალთა პირველ გიმნაზიაში. 1924-26 წლებში; სესილია სწავლობდა თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ვასო გოძიაშვილი. ვასომ და სესილიამ 6 წელი იცხოვრეს ერთად და ერთი ვაჟი - დავითი - შეეძინათ.
აკაკი ფაღავას სტუდიის დამთავრებისთანავე სესილია რუსთაველის თეატრის დასის წევრი გახდა. მისი პირველი როლი ამ თეატრში ჯადოქარი ფატიმა იყო (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე“). 1930 წელს სესილიამ რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადაინაცვლა. ის ქმნიდა ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის რთულ პერსონაჟებს. სესილია თაყაიშვილმა თეატრში 120-მდე როლი განასახიერა. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინომატოგრაფიაშიც, სადაც 1945 წლიდან მოღვაწეობდა და 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა.
1945 წელს - საქართველოს, ხოლო 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1982 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 1983 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიიღო.
სესილია თაყაიშვილი 1984 წელს გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრებმა დაკრძალვამდე მსახიობის ანდერძი იპოვნეს დედის ფოტოსთან: ,,ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება... რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".
გამორჩეულია სესილია თაყაიშვილის კინოროლები. პირველი მხატვრული ფილმი, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, 1945 წელს გადაღებული მხატვრულ ფილმი „ჭირვეული მეზობლებია“. 39 წლის განმავლობაში სესილია კიდევ 39 ფილმში გადაიღეს. მათ შორისაა: „ჩვენი ეზო“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „მანანა“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯარებელი ამბავი“ და სხვა.
სესილია თაყაიშვილი და მარინე თბილელი ფილმში "აბეზარა", 1956 წელი
სესილია თაყაიშვილი და მარინე თბილელი ფილმში "თოჯინები იცინიან", 1956 წელი
მხატვრული ფილმი „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, 1984 წელი
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი