ევროკავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწემ, პეტერ სტანომ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია გასაჯაროვებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
ის ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა, სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარშოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში.
"ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში.
ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით", - განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.