ხვალ, 12 ნოემბერს, ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ნაწარმოების წარდგენის ვადა იწურება.
ეროვნულმა კინოცენტრმა ოქტომბერში ახალი კონკურსები გამოაცხადა. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად (2011 წელი) საკონკურსო ფონდში 750 000 ლარია გათვალისწინებული.
კონკურსი ტარდება ორ ტურად. საექსპერტო კომისია გამარჯვებულს 2011 წლის იანვარში გამოავლენს.
ეროვნული კინოცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
გარდა ამისა, ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაცხადა კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქციის) დასაფინანსებლად (2011 წელი). განაცხადების მიღების ბოლო ვადა იყო 2010 წლის 1-ლი ნოემბერი; გამოცხადდა, ასევე, კონკურსი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დასაფინანსებლად, რომლის ფონდიც 200 000 ლარია. დედლაინის წარდგენის ბოლო ვადა 2010 წლის 17 დეკემბერია; ცხადდება კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დასაფინანსებლადაც. საკონკურსო ფონდი 150 000 ლარს შეადგენს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2010 წლის 24 დეკემბერია.