ხვალ, 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ჟურნალისტებისა და იურისტებისგან (ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, ელისო ჩაფიძე, გიორგი ჩხეიძე, ნინო დანელია) შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს კანონმდებლობაში მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის შეტანილ ცვლილებებს გააცნობს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის "მედია გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესება" ფარგლებში მომზადდა.
საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და მაუწყებლის შესახებ კანონს. შეტანილი ცვლილებები უზრუნველყოფს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც დაკავშირებულია მაუწყებელთა საკუთრების კონცენტრაციასა და მესაკუთრეთა გამჭვირვალობასთან, ფინანსურ გამჭვირვალობასა და ინტერესთა კონფლიქტებთან, საჯარო ინფორმაციის მიღებასთან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტთან.
კანონპროექტით "მაუწყებლობის შესახებ" იზღუდება მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის ოფშორებიდან მონაწილეობა საკუთრებაში.