"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები "არგუმენტებით ბრძოლის" სტადიაზე გადავიდა.
"პოლიტიკური პროცესი უკვე არგუმენტებით ბრძოლის სტადიაზე გადავიდა. ჩვენ კომპრომისებისთვის მზად ვართ. სწორედ ოპოზიციონერთა არგუმენტებსა და კომპეტენტურობაზე იქნება დამოკიდებული, მივაღწევთ თუ არა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას", - განაცხადა ალასანიამ "კავკასუს ონლაინის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებით ქვეყნისთვის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყო.
"ყველა სხვა გზა ჩვენ უკვე გავთელეთ... ახლა ამ გზას ვადგავართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი. სხვა პროცესების განვითარებას შესაძლოა, არაკომპეტენტური ხალხი მოჰყვეს ხელისუფლებაში", - განმარტა მან.
გარდა ამისა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის სურვილი ხელისუფლებასაც აქვს.
"ხელისუფლების ეს სურვილი საარჩევნო გარემოს შეცვლისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის ფაქტორმა განაპირობა", - დასძინა მან.
აღნიშნულ კონტექსტში, ალასანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვისკენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდებს და განმარტავს, რომ ეს ყველა პარტიის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
"მოლაპარაკების პროცესში არა მხოლოდ რვა პოლიტიკური ძალა, არამედ სხვა ძალებიც უნდა ჩაერთონ. ეს არ უნდა იყოს ექსკლუზივი. არცერთ პოლიტიკურ ძალას კარს არ დავუკეტავთ, რადგან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესშია", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა და აქვე დააკონკრეტა, რომ მის პარტიას ამ კუთხით 6 წინადადებიანი პაკეტი გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გუშინ, 10 ნოემბერს დაიწყო და ის კვირაში ერთხელ გაიმართება. მორიგი სამუშაო შეხვედრა 17 ნოემბერსაა ჩანიშნული.