ესტონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი დამოკიდებულება უკრაინის ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით, რომელიც არც ისე დამაიმედებლად გამოიყურება.
როგორც გამოცემა Evropeyskaya Pravda იტყობინება, კერსტი კალიულაიდმა YES-Brainstorming ფორუმზე კომენტარი გააკეთა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე, სადაც თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 20-წლიანი სამუშაოს ჩატარება სჭირდება.
"ყველა პროგნოზი წინა გამოცდილებას ემაყრება", - თქვა კალიულაიდმა.
კერსტი კალიულადის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინამ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა ჯერჯერობით კიევს მათი შესრულებისგან სინათლის წლები აშორებს.
"სამწუხაროდ, 5 წლის განმავლობაში მე არ მინახავს უკრაინის რაიმე მიდგომა კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებასთან დაკავშირებით", - დასძინა მან.
კერსტი კალიულაიდმა ფორუმზე ასევე ესტონელი ინვესტორების პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მათ უკრაინაში ექმნებათ.
"არის კომპანია, რომელმაც მიაღწია ევროპულ სამართალს, მაგრამ ამანაც არ უშველა. ახლახან შევიტყვე, რომ კომპანიას, რომელიც უკრაინაში ძალიან სერიოზულ შეთანხმებაზე მიდიოდა, ადვოკატი ეახლა [არ ვიტყვი ვის წარმოადგენდა] და უთხრა, რომ ხელშეკრულების დასაჩქარებლად აქციების ნაწილი მათთვის უნდა გაეზიარებინა", - თქვა კალიულაიდმა.
"ამიტომ, როდესაც ისმის კითხვა, რატომ არ არის უკრაინა ამ დრომდე ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, პასუხი ყველასათვის ნათელია", - დასძინა მან.
ამასთან, ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის ყოველთვის გულშემატკივრობდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას.