ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, ევროკავშირი მეტად გაბედული უნდა იყოს გაფართოების საკითხებში, მაგრამ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვის კიდევ 20-წლიანი მუშაობა სჭირდებათ, რათა მზად იყონ წევრობისთვის. ამის შესახებ მან Evropeyskaya Pravda-სთან ინტერვიუში თქვა.
"ვისურვებდი, რომ ევროკავშირი მეტად გაბედული ყოფილიყო გაფართოების საკითხებში. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის საჭიროა საკითხის გარკვეული გადაწყვეტა: ან ჩვენ ვთავაზობთ მათ სრულ წევრობას, ან შევქმნით ახალ ფორმატს სამი სახელმწიფოსთვის, რომელთაც აქვთ ევროპული ამბიციები (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა)", - თქვა კალიულაიდმა.
კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ თავად გაფართოებას ემხრობა, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება.
"ბევრი პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არცერთი სახელმწიფო [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა] არ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. თქვენ დაგჭირდებათ 20-წლიანი სამუშაო, სანამ არ მიაღწევთ ამ მზადყოფნას... სამივე ქვეყანას აქვს სასამართლოებთან დაკავშირებული პრობლემები. ისინი არ შეესაბამებიან ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს!", - თქვა კალიულაიდმა.
მისივე თქმით, შუალედური ეტაპი შესაძლოა დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მათი ეკონომიკის ინტეგრირებას ევროკავშირის ეკონომიკასთან.
"მზად ვართ, დავეხმაროთ, მაგრამ სამუშაობი მათ უნდა შეასრულონ. ეს მძიმე სამუშაოა", - თქვა კერსტი კალიულაიდმა.