პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარეს დენის დავითაიას ფინანსთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან გარკვეული პრეტენზიები და შენიშვნები აქვს.
როგორც დენის დავითაიამ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პროფსასწავლებლების სრული რეაბილიტაციისთვის 2011 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.
"როდესაც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით დარჩენილი გვაქვს 25 პროფსასწავლებელი, აქედან 10 უკვე რეაბილიტირებულია და 15-ის რეაბილიტაციაც 2011 წლის ბოლომდე განხორციელდებაო, მაინტერესებს, როგორ აპირებს მთავრობა ამ სასწავლებლების რეაბილიტაციას, თუ ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხები არ იქნა გათვალისწინებული. მე გავეცანი განათლების სამინისტროს ბიუჯეტს, სადაც აღნიშნულია, რომ თანხები გამოყოფილია მხოლოდ პროფსასწავლებლების საკლასო ოთახების რეაბილიტაციაზე. მაინტერესებს მხოლოდ საკლასო ოთახების რეაბილიტაციით ხომ ვერ გადამზადდებიან ადამიანები. ამისათვის საჭიროა შესაბამისი სახელოსნოების და ლაბორატორიების რეაბილიტაცია", - განაცხადა დენის დავითაიამ.
'
დენის დავითაიას შეკითხვაზე და პრეტენზიაზე არაერთგვაროვანი იყო ფინანსთა მინისტრის პასუხიც, რომელმაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საკუთარი კოლეგის განათლების მინისტრის დაცვა დაიწყო. მან განაცხადა, რომ ის ბიუჯეტი, რაც განათლების სამინისტრომ მას წარმოუდგინა, ამ ციფრებში და თანხებში ეჭვს ვერ შეიტანს და რომ მას არ აქვს უფლება სხვა მინისტრს უთხრას რომ ის ამ საქმეს რეალურად გააკეთებს თუ არა.
შეგახსენებთ რომ გასულ თვეში მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 25 პროფსასწავლებლიდან 1/3 უკვე რეაბილიტირებულია და დარჩენილის რეაბილიტაციაც 2011 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.
ნიკა გილაურმა ეს საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტად დაუსახა განათლების სამინისტროს და განუცხადა, რომ 2012 წლიდან შესაძლებელი გახდება საქართველოში არსებული პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულების ექსპორტი საზღვარგარეთის ქვეყნებში დაიწყოს.
მაშინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თითქმის მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები გაიზგავნებოდნენ საფრანგეთში, ხოლო შემდგომ სხვა ქვეყნებში.