"ჩვენ გვინდა დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია", - რუსეთ-საქართველოს საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა კიდევ ერთხელ, ამჯერად BBC"-ის ეთერში ისაუბრა.
"შეიარაღების გაკონტროლების, ტერორიზმის და უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ მას საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმებით. პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, ჰილარი კლინტონმა კი სერგეი ლავროვს მიუთითა, რომ ჩვენ საქართველოს საკითხზე რუსეთს არ ვეთანხმებით. საქართველოში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა ღიად განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია", - განაცხადა ფილიპ გორდონმა.
ამასთან, რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრის კონტექსტში, გორდონმა მოსკოვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარების გაყვანისა და "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისკენაც მოუწოდა.
"ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთისგან "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას. ვფიქრობ, რომ დღეს უკეთეს პირობებში ვიმყოფებით მასთან იმ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რომლებზეც უთანხმოება გვაქვს", - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.