დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, არ დათანხმდნენ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური თამაშის იმ წესებს, რომელიც მამრაძის აზრით, ~მოლაპარაკებებსა~ და ~დიალოგობანაში~ გამოიხატება და რეალურად, სააკაშვილის რეჟიმის განმტკიცებას ემსახურება.
"ამჟამად სააკაშვილის რეჟიმი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს დიალოგს და მოლაპარაკებას ვითომდა საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებლად. სიმამდვილეში კი, ხელისუფლებამ, მისთვის ჩვეული ცინიზმით, პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მას ისედაც ევალება და მათი შესრულების ვალდებულება კარგა ხანია ნაკისრი აქვს როგორც ჩვენი ხალხის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოების წინაშე", _ განაცხადა მამრძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში კარგა ხნის წინათ მომზადებული ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხელისუფლებას ოპოზიციასთან ყოველგვარი ~დიალოგობანას~ გარეშე შეუძლია, მაგრამ ეს არ შედის სააკაშვილისა და მისი რეჟიმის გეგმებში.
"დღევანდელი ხელისუფლების მიზანი სულ სხვაა. მისი ამოცანაა, განუწყვეტელი ,,მოლაპარაკებებისა'' და ,,დიალოგობანას'' მეშვეობით დემოკრატიზაციის პროცესის იმიტირება, ყველა სავალდებულოდ მისაღები გადაწყვეტილების გასაღება ოპოზიციასთან მიღწეულ კომპრომისად. მმართველ ძალას სურს, მაქსიმალურად მოიგოს დრო საკუთარი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის გასამყარებლად, _ განმარტავს პარლამენტარი.
მამრაძე ქართულ საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ "სააკაშვილის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ყველა ჯანსაღი ძალის მობილიზებით და ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი".