ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რომელმაც ქვეყანაში ჯერ კიდევ მაშინ დატოვა, როდესაც "თალიბანი" ქაბულის მისადგომებთან იმყოფებოდა, მორიგ განცხადებას ავრცელებს.
აშრაფ ღანი ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს მთავრობის მოულოდნელი დამხობის გამო, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, თითქოს ქვეყნიდან მილიონობით დოლარი გაიტანა.
ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის დატოვების მიზეზად უსაფრთხოების გუნდის მოთხოვნას ასახელებს. ღანის თქმით, ქაბულში დარჩენის შემთხვევაში, გარდაუვალი იქნებოდა სისხლისღვრა და შეტაკებები.
"ქაბულის დატოვება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მის სისწორეში დარწმუნებული ვიყავი, რადგან ეს ერთადერი გამოსავალი იყო იარაღის გამოყენების თავიდან ასაცილებლად და ქაბულის მილიონობით მოქალაქის გადასარჩენად", - ამბობს ღანი.
"ბოდიშს ვიხდი ავღანელი ხალხის წინაშე, რადგან ისტორიის ჩემი ნაწილი დამთავრდა იგივე ტრაგედიით, როგორც ჩემი წინამორბედებისა. ბოდიშს ვიხდი, რადგან ვერ შევძელი, რომ ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო", - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.
15 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბული და შედეგად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების სურვილით ახსნა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშრაფ ღანმა თავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეაფარა.