ავღანეთში, სპორტსმენი ქალები, მათ შორის ეროვნული ნაკრებების წევრები, ვეღარ შეძლებენ სპორტით დაკავდნენ. ამის შესახებ "თალიბანის" კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ აჰმადულა ვასიკმა ავსტრალიურ გამოცემა SBS News-ს განუცხადა.
"არ ვფიქრობ, რომ ქალები უნდა თამაშობდნენ კრიკეტს, რადგან ქალებისთვის აუცილებელი არ არის კრიკეტის თამაში. კრიკეტში ისინი, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათი სახე და სხეული დაფარული არ იქნება. ისლამი ქალებს არ აძლევს უფლებას ამგვარად გამოიყურებოდნენ. მედიაში გამოჩნდება მათი ფოტოები და ვიდეოები და ხალხი დაინახავს მათ. ისლამი და ისლამური საამირო ქალებს არ აძლევს უფლებას, ითამაშონ კრიკეტი ან დაკავდენენ სპორტის სხვა სახეობებით, სადაც გამოჩნდება მათი სახე და ფიგურა", - განაცხადა ვასიკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისლამი ქალებს უფლებას აძლევს ქუჩაში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ, სპორტი კი მისი თქმით, აუცილებლობას არ წარმოადგენს.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ თალიბების ამგვარი პოზიცია საფრთხეს უქმნის მამაკაცთა შორის კრიკეტში ავღანეთისა და ავსტრალიის მატჩსაც, რომლის ნებართვა ვასიკმა სექტემბრის დასაწყისში გასცა. კრიკეტის საერთაშორისო საბჭოს (ICC) მიერ დადგენილი წესების თანახმად, ორგანიზაციის 12-ვე წევრს უნდა ჰყავდეს, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა გუნდები, თუ მათ სურთ მსგავსი მატჩების ჩატარება.
ვასიკმა განაცხადა, რომ "თალიბანი" არ წავა კომპრომისზე ამ საკითხთან დაკავშირებით და არ "გაყიდის ისლამურ ღირებულებებს", თუნდაც მატჩების გამართვას პრობლემები შეექმნას.
ავსტრალიის სპორტის მინისტრმა რიჩარდ კოლბეკმა "თალიბანის" გადაწყვეტილებას საგანგაშო უწოდა და ICC-ს ზომების მიღებისკენ მოუწოდა. "ქალებისთვის სპორტით დაკავების აკრძალვა ნებისმიერ დონეზე მიუღებელია", - განაცხადა კოლბეკმა.
ავღანეთში კრიკეტი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. გასული წლის ნოემბერში 25-მა სპორტსმენმა ქალმა ავღანეთის კრიკეტის საბჭოსთან გააფორმა შეთანხმება, თუმცა თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, აგვისტოში სპორტსმენების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. ზოგიერთმა მათგანმა BBC-ის უთხრა, რომ "თალიბანი" დევნის ქალ სპორტსმენებს, ემუქრება, და აიძულებს თამაში შეწყვიტონ.