თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები წმინდა მარტინის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს გამართავენ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, წმინდა მარტინის დღე გერმანიაში (და ევროპის სხვა ქვეყნებში) შობის მარხვის დაწყებამდე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ტრადიციული დღესასწაულია.
წმინდა მარტინის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე ბავშვები: დაამზადებენ სპეციალურ ლამპარებს, შეასრულებენ ტრადიციულ სიმღერებს, განასახიერებენ წმინდა მარტინის ისტორიას.
ზეიმზე დასწრების გარდა სტუმრებს მიეცემათ საშუალება დაათვალიერონ სკოლა და გაესაუბრონ სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ამა წლის სექტემბერში გაიხსნა. სკოლაში სასწავლო პროცესი თანამედროვე გერმანული სასწავლო პროგრამების მიხედვით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესს უძღვება გერმანული სკოლების ფედერალური სააგენტოს მიერ წარგზავნილი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, რომელიც სხვა გერმანელ და ქართველ მასწავლებლებთან ერთად მუშაობს. სკოლის კურსდამთავრებულები საერთაშორისოდ აღიარებულ გერმანულ ატესტატს მიიღებენ.
სკოლამ მუშაობა დაიწყო მხოლოდ პირველი კლასით. ამჟამად სკოლასა და მასთან არსებულ საბავშვო ბაღში 20 მოსწავლე სწავლობს.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ინტერკულტურული დიალოგის სკოლაა, სადაც ბავშვები ეცნობიან გერმანიის კულტურასა და ენას.
წმინდა მარტინის დღისადმი მიძღვნილ ზეიმი დღეს, 11 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლაში გაიმართება. (მის: თბილისი, შატბერაშვილის ქუჩა #64).