საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის სახელმძღვანელოები 2011 წელსაც გაიგზავნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გარდა, განათლების სამინისტრო საკვირაო სკოლებთან მიმართებაში კიდევ რამდენიმე პროგრამის განხორციელებასაც აპირებს.
"საკვირაო სკოლების დასახმარებლად წლევანდელ ბიუჯეტში 100 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა მომავალ წელს, სახელმძღვანელოებით დახმარების გარდა, კიდევ სხვა პროგრამების განხორციელებასაც ვაპირებთ" - აღნიშნა სეფერთელაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხით გუშინდელ სხდომაზე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური დაინტერესდა და შესაბამისი ინფორმაცია პირადად ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე პეტრიაშვილისგან მოისმინა. წიკლაურის თქმით, აუცილებელია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სახელმძღვანელოების გაგზავნა არ შეიზღუდოს.