ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი განაგრძობს სოფლების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. მომავალი კვირიდან ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყება.
ნატანებში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერი ჩიტაიშვილმა.
ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდება 1 600 აბონენტს. პროექტის ღირებულება შეადგენს 480 000 ლარს.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები - ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.
ს.ს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში 2009 წლიდან დღემდე ინდივიდუალურადაა გამრიცხველიანებული ზუგიდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ლანჩხუთის, ოზურგეთის ქალაქის ტიპის დასახლებები. ასევე, დაბა ჯვარისა და ფოცხო-ეწერის დასახლება, სულ 45 446 აბონენტი. ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდათ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
რეგიონში დაწყებულია სოფლების ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამა. ამ ეტაპზე სოფელ ინგირის 1175 აბონენტი ინდივიდუალურადაა გამრიცხველიანებული. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელებში ნატანები, ძველ სენაკი, სოფელ ლესიჭინე, ძველ აბაშა, სულ 4028 აბონენტი.