მიხეილ სააკაშვილისგან არაერთხელ მიგვიღია მსგავსი დაპირება, რომ ჩამოდის საქართველოში. ვის რატომ უნდა შეეშინდეს, ეს არის კითხვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა მისი ნებაა.
„ჩამოვიდეს და შესაბამისი პასუხიც გაეცემა მის ვიზიტს საქართველოში. ფაქტი არის ერთი, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანი სახელს გაიტეხს და ეს მარტო ქვეყნის არა, უკვე საერთაშორისო დონეზე წყდება. ვისურვებდი, რომ როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის, მოქალაქეობა მან თავისი ნებით დათმო. მისი გადასაწყვეტია, რა განცხადება გააკეთოს და როგორც უნდა, ისე უნდა მოიქცეს. მისი განცხადების მოლოდინიც ალბათ დაძაბულობის შექმნაა. საქართველოში ხალხი დაიღალა აგრესიით და დაძაბულობით. ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს. ეს იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევნები“, - განაცხადა კუჭავამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.