ხსოფხიდურას და რიონის შესართავთან ნაპოვნია წარმოუდგენელი არტეფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ ძველ წელთაღრიცხვამდე ათასწლეულების წინ, ეგვიპტესთან იყო პირდაპირი ვაჭრობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშელის წარდგენაზე.
„მოგესალმებით ჩემო ონელებო, ჩემო რაჭველებო! მივესალმები ერთ-ერთ ყველაზე თბილ და ლამაზ კუთხეს.
საათობით შემიძლია ვისაუბრო ზემო რაჭაზე, ონის მუნიციპალიტეტზე, იმ სილამაზეზე, რომელიც ფეხით რამდენჯერმე მაქვს მოვლილი. თუმცა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს და საკითხს აუცილებლად ვახსენებ.
ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია სწორედ აქედან მოდის. სოფხიდურას და რიონის შესართავთან ნაპოვნია წარმოუდგენელი არტეფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ ძველ წელთაღრიცხვამდე ათასწლეულების წინ, ეგვიპტესთან იყო პირდაპირი ვაჭრობა. მხოლოდ აქ და ეგვიპტეშია ნაპოვნი ისეთი შენადნობები, რომელსაც სხვაგან ანალოგი არ აქვს, რაც ადასტურებს, თუ რამდენად დიდი და ძლიერი იყო ეს კუთხე და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის, ვაჭრობაში ამ ულამაზეს რეგიონს.
არ შეიძლება ადამიანს ერთხელ მაინც არ ჰქონდეს ნანახი ულამაზესი გონას ხეობა- ხეობა, რომელზეც ლეგენდები დადის და რაც არ უნდა ბევრი მოისმინო, ერთხელ ნახვა ნამდვილად სჯობს- ეს წარმოუდგენელი სილამაზეა.
აუცილებლად უნდა ნახო უძირო ტბა და თუ საშუალება გვაქვს , არ შეიძლება ერთხელ მაინც არ შეავლო თვალი. სოფლები და ხალხი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სითბოთი და სტუმართმოყვარეობით.
ულამაზესი ღები-სოფელი, რომელიც საუკუნეების წინ რამდენიმე სვანური კოშკითაც იყო წარმოდგენილი. დღესაც არის შემორჩენილი ქვის სახლები, რასაც სწორი დაგეგმარება და რეკონსტრუქცია სჭირდება და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება გახდება.
დღესაც ბევრი სტუმრობს, რადგან ღებიდან გზები ზუსტად რიონის საწყისებთან და გონას ხეობაში ადის. თუმცა აუცილებელია, დასრულდეს ის გზა, რომლის მშენებლობაც დაწყებულია, დიდი სამუშაოები უკვე ჩატარებულია და მომავალ წელს, დასრულდება.
აუცილებელია ასეთი სოფლების პოტენციალის სრულად გამოყენება.
ულამაზესი შოვი- კოტეჯები მდინარის პირას, სადაც სამოთხეა.
ონი არის ულამაზესი და ისტორიული თავისი დანიშნულებით. ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელიც გამოირჩეოდა ხელნაკეთებით და ხელოსნობით. დღესაც შემორჩენილია.
თქვენ ხართ შრომისმოყვარე ხალხი და ამ რეგიონს სჭირდება მეტი ხელშეწყობა, რადგან საცხოვრებელი პირობები მძიმეა, განსაკუთრებით ზამთარში და განსაკუთრებით, მაღალმთან სოფლებში. აუცილებელია გავიგოთ, რას ნიშნავს იყო აქ, ასეთ მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელი. ამისთვის ხშირად უნდა ვეწვიოთ, ხშირად დაველაპარაკოთ ამ სოფლების მოსახლეობას და მათ პრობლემები, მათ გამოწვევები პირადად მოვისმინოთ.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება მერი, საკრებულოს წევრები, რადგან მათ კარგად უნდა ესმოდეთ თითოეული თქვენგანის გამოწვევა, პრობლემა თუ ტკივილი. არ არის რაჭა ისეთი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, რომ თუნდაც ვერ მოიარო თითოეული ოჯახი და ამაზე დიდი ბედნიერება ალბათ არც არაფერია, როგორი სითბოც თითოეულ ოჯახში დაგხვდებათ.
დარწმუნებული ვარ, პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ- 51 კილომეტრიანი გზა, ძალიან მალე დასრულდება და აბსოლუტურად სხვა სიცოცხლეს შესძენს ამ რეგიონს და არა მხოლოდ ამ რეგიონს, იმერეთსაც. აქ ჩამოსასვლელად. 5-6 საათის ნაცვლად დაგჭირდება მხოლოდ 3 საათი- ეს უდიდესი შეღავათია და ეს გზა გასნის პოტენციალს ლეჩხუმისკენ და ქვემო სანეთისკენ, ლენტეხისკენ.
ეს არის ის შესაძლებლობები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ყველამ ერთად.
ამიტომ, უმნივშნელოვანესია გყავდეთ ძლიერი თვითმმართველობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელსაც აქვს გეგმები განახლებული რეგიონების სახით. ძლიერი რეგიონები შექმნის საბოლოოდ ძლიერ საქართველოს. დარწუნებული ვარ, ეს კუთხე ვიზიტორებით ნამდვილად გამორჩეული იქნება და ამას ერთად დგომით, შრომით მივაღწევთ.
წარმატება უნდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც დარწმუნებული ვარ, თავის კუთხეს მიხედავს ღირსეულად. ჩვენ არა მხოლოდ დაპირებებით ვისაუბრებთ, არამედ ოთხი წლის თავზე მოვალთ და ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსაც ერთად მივაღწევთ“,- თქვა კუჭავამ.