29 დღე დარჩა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე უდიდესი ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ, გამარჯვებამდე, – აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ფოთში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, 29 დღე დარჩა, რომ განვითარებული სახელმწიფოს საფუძვლები შეიქმნას.
„ეს ყველაფერი რეალობაა და ამას სჭირდება რწმენა, რომ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ხალხი და ვერც ერთი მილიარდერი, რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს, როგორ აბუჩადაც არ უნდა იგდებდეს საქართველოს მოქალაქეს.
ჩვენ, განსხვავებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაერთიანებული ვართ ერთი საერთო მიზნის გარშემო.
ისეთი ქვეყანა უნდა შეიქმნას ჩვენი ხელებით, ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით, სადაც მრავალფეროვანი, გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქე შეძლებს თანაარსებობას და ერთად ქვეყნის მშენებლობას.
მილიარდერის და მისი კანდიდატების მხრიდან არც ერთი სიტყვა არ არის გაჟღერებული იმ სიღარიბეზე, რომელიც ქვეყანაშია და 24 საათის განმავლობაში ღარიბაშვილი და კობახიძე საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაანადგუროს ოპოზიცია, როცა დღის განმავლობაში 80-85 ადამიანი მათივე უუნარობით კვდება.
2 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ან ვიქნებით დასავლურ სივრცეში, ან ვიქნებით დასავლური სივრცის მიღმა, რაც არ უნდა დავუშვათ.
ჩვენ ვართ უმრავლესობაში, ისინი არიან უმცირესობაში. აქვთ ბევრი ფული და ჰგონიათ, რომ არიან დომინანტები. 2 ოქტომბერს უნდა დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი არის პირიქით და სიამაყით მოვუყვეთ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს, რა ბრძოლაში მოვუპოვეთ მათ გამარჯვება“, – აღნიშნა მელიამ.
ამასთან, მელიას თქმით, რაც უფრო მეტს ისაუბრებს ღარიბაშვილი, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ოპოზიციის სასარგებლოდ 2 ოქტომბერს.
„სიმართლე, რომ გითხრათ, ბატონ ღარიბაშვილს ვერც ვუსმენ, ვიცი ამ ადამიანის ხელწერა. დადის რაიონ-რაიონ და იწყევლება. ყველა ადამიანი, ვინც არ არის ბიძინა ივანიშვილის კარზე, არის მისი თავდასხმის ობიექტი. წინა ხელისუფლება იქნება, იმის წინა ხელისუფლება, ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათივე ყოფილი გუნდის წევრები, თუ უცხოელი დიპლომატები, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ადამიანი არის მათი მხრიდან შეტევის ობიექტი და მარტივად წყევლიან. ამ დროს რა ხდება? ამ დროს ქვეყანაში, მათივე უსუსურობით და უუნარობით, რომელიც დანაშაულებრივია, ვერ დაიწყეს ტესტირება, ვერ დაიწყეს ვაქცინირება, ვერ აწარმოეს საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციისთვის, პირბადეები ვერ შეკერეს, წარმოგიდგენიათ? 10 მილიარდი მიიღეს დახმარების სახით და ქვეყანაში არ გვაქვს ჟანგბადის მარაგიც კი. ხალხი გვეხოცება და დადის ეს ადამიანი და იწყევლება, ნორმალურია?! რაც უფრო მეტს ისაუბრებს ბატონი ღარიბაშვილი, პირდაპირპროპორციულად აისახება ოპოზიციის სასარგებლოდ ხმების თვალსაზრისით 2 ოქტომბერს“, – აცხადებს მელია.