ექსტრემისტული მოძრაობა"თალიბანი", რომელიც ცოტა ხნის წინ, მთელ ავღანეთს დაეპატრონა, ქვეყანაში მმართველობის ირანული მოდელის დანერგვას გეგმავს. იტყობინება გამოცემა News18.
მედიის ცნობით, "თალიბანს" სურს, ავღანეთში შექმნას უზენაესი ლიდერის თანამდებობა, რომელიც ისევე როგორც ირანში, იქნება სახელმწიფოს მეთაური, ასევე პოლიტიკური და რელიგიური უმაღლესი ავტორიტეტი. ავღანეთის უზენაეს ლიდერს კი დაექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების მომავალი მეთაური.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის უზენაესი ლიდერი შესაძლოა გახდეს "თალიბანის" უზენაესი ლიდერი ჰიბატულა ახუნძადა, რომელიც თითქმის არასდროს გამოჩენილა საჯაროდ და მისი ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია.
იუწყებიან, რომ ავღანეთში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრემიერ-მინისტრი იქნება. გამოცემის ვარაუდით, პრემიერ-მინისტრად "თალიბანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოძრაობის პოლიტიკური ფრთის ლიდერი მოლა აბდულ ღანი ბარადარი განიხილება.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთი პრეტენდენტი მოჰამედ იაყუბია. იგი თალიბანის დამფუძნებლის, მოლა მუჰამედ ომარის ვაჟია და "თალიბანის" სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს.
ვარაუდობენ, რომ ავღანეთის მართლმსაჯულების სისტემას სათავეში ჩაუდგება "თალიბანის" ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი აბდულ ჰაკიმი.
2020 წლის სექტემბერში თალიბანმა აბდულ ჰაკიმი დანიშნა დოჰაში თალიბანის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ახალ ხელმძღვანელად.
ჰაკიმი ასევე ხელმძღვანელობს "თალიბანის" რელიგიურ სწავლულთა გავლენიან საბჭოს და ითვლება, რომ უზენაეს ლიდერ ახუნძადასთან უაღრესად დაახლოებული პირია.
"თალიბანი" ბოლო რამდენიმე დღეა ყანდაარის პროვინციაში იკრიბება ახალი ადმინისტრაციის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მათივე დაპირების თანახმად, უნდა იყოს ინკლუზიური და წარმომადგენლობითი.
როგორც იუწყებიან, ავღანეთის ახალი ადმინისტრაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.
ამავე თემაზე:
• ვინ ვინ არის "თალიბანის" ხელმძღვანელობაში
• როგორ მუშაობს ირანის უნიკალური პოლიტიკური სისტემა - მოკლედ