ENG / RUS       12+

როგორ მუშაობს ირანის უნიკალური პოლიტიკური სისტემა - მოკლედ

ირანის რთული და უჩვეულო პოლიტიკური სისტემა აერთიანებს თანამედროვე ისლამური თეოკრატიის ელემენტებს დემოკრატიასთან. 

სახელმწიფო ინსტიტუციების ქსელი, რომელსაც უზენაესი ლიდერი აკონტროლებს, ფუნქციონირებს ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად.

ვნახოთ, როგორ მუშაობს ირანის პოლიტიკური სისტემა და ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას.

უზენაესი ლიდერი

ირანში ყველაზე გავლენიანი და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირი. ირანის უზენაესი ლიდერის ტიტულს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მხოლოდ ორი პირი ფლობდა - აიათოლა რუჰოლა ჰომეინი (ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელი) და მისი მემკვიდრე, მოქმედი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

პოლიტიკური სტრუქტურის ამგვარი მოდელი ირანში უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის რეჟიმის დამხობის შემდეგ მოქმედებს.

უზენაესი ლიდერი იმავდროულად ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და სრულად აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურებს.

უზენაესი ლიდერი ნიშნავს მართლმსაჯულების სისტემის მეთაურს, გავლენიანი ორგანოს - კონსტიტუციის მცველთა საბჭოს შემადგენლობის ნახევარს, სახელმწიფო სატელევიზიო და რადიოკომპანიების ხელმძღვანელებს.

უზენაესი ლიდერის მრავალმილიარდიანი საქველმოქმედო ფონდები ასევე აკონტროლებენ ირანის ეკონომიკის დიდ ნაწილს.

აიათოლა ალი ხამენეი 1989 წელს, აიათოლა ჰომეინის გარდაცვალებისთანავე დაეუფლა ირანის უზენაესი ლიდერის ტიტულს. მან მალევე მოახერხა ძალაუფლების შემომტკიცება და ჩაახშო მმართველი სისტემის ყველა გამოწვევა.

პრეზიდენტი

პრეზიდენტი აირჩევა ხალხის მიერ ოთხი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ძალაუფლების იერარქიაში რანგით მეორე უმაღლესი თანამდებობის პირია. იგი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და პასუხისმგებელია კონსტიტუციის შესრულების უზრუნველყოფაზე.

პრეზიდენტის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკასაც, თუმცა საბოლოო სიტყვა ყველა დონის სახელმწიფოებრივ საკითხზე უზენაეს ლიდერს ეკუთვნის.

18 ივნისს, ირანში მოქმედი პრეზიდენტის ჰასან როჰანის მემკვიდრის არჩევნები გაიმართა. ჰასან როჰანიმ, ზომიერმა კონსერვატორმა და სასულიერო პირმა, ბოლო ორი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში დაამარცხა კონკურენტები, მკაცრი კონსერვატორები.

პრეზიდენტობის მსურველი ყველა კანდიდატი, ვიდრე საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთვებიან, უნდა დაამტკიცოს კონსტიტუციის მცველთა საბჭომ, რომელიც 12 თეოლოგისა და იურიდიული ექსპერტისაგან შედგება.

წლევანდელ არჩევნებზე, საბჭომ 590 მსურველიდან მხოლოდ 7 კანდიდატი დაამტკიცა. მათ შორის არცერთი ქალი ყოფილა.

პარლამენტი

ირანის პარლამენტი, მეჯლისი, რომელიც 290 წევრს ითვლის, აირჩევა ხალხის მიერ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.

პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს კანონები, უარყოს ან დაეთანხმოს წლიურ ბიუჯეტს, პარლამენტში დაიბაროს მთავრობის კაბინეტის წევრები და პრეზიდენტი. ასევე, უფლებამოსილია იმპიჩმენტი გამოუცხადოს მინისტრებსა და პრეზიდენტს.

პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა მოიწონოს და დაამტკიცოს სამეთვალყურეო ორგანომ.

კონსტიტუციის მცველთა საბჭო (სამეთვალყურეო ორგანო)

ირანში ყველაზე გავლენიანი ორგანო, კონსტიტუციის მცველთა საბჭო განიხილავს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და სურვილისამებრ ამტკიცებს ან ვეტოს ადებს მათ.

საბჭო უფლებამოსილია აუკრძალოს კანდიდატებს, მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის, პრეზიდენტისა და ექსპერტთა ასამბლეის არჩევნებში.

საბჭო სულ 12 წევრისგან შედგება, რომელთა შორის 6 თეოლოგია, ხოლო 6 იურისტი. თეოლოგებს ირანის უზენაესი ლიდერი ნიშნავს, ხოლო იურისტებს მართლმსაჯულების სისტემის მეთაური წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს.

წევრებს ირჩევევენ 6 წლის ვადით იმგვარად, რომ შემადგენლობის ნახევარი ყოველ 3 წელიწადში იცვლება.

საბჭოს შემადგენლობაში დომინირებენ მკაცრი ხაზის მიმდევრები, მათ შორის თავმჯდომარე აიათოლა აჰმად ჯანათი.

ექსპერტთა ასამბლეა

კიდევ ერთი გავლენიანი ორგანო ირანში ექსპერტთა ასამბლეაა, რომელიც დაკომპლექტებულია რელიგიური სწავლულებისა და სასულიერო პირების მიერ. ასამბლეას 88 წევრი ჰყავს. 

ექსპერტთა ასამბლეა პასუხისმგებელია ირანის უზენაესი ლიდერის დანიშვნასა და მისი საქმიანობის მონიტორინგზე. ასამბლეას ძალუძს, გადააყენოს უზენაესი ლიდერი, თუ ჩათვლის, რომ იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს.

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა შემთხვევა, ასამბლეას უზენაესი ლიდერის გადაწყვეტილება გადაესინჯოს, 82 წლის აიათოლოა ხამენეის ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული შეშფოთების გამო, ამ ორგანოს აქტუალობა დღითიდღე იმატებს.

ირანის უზენაესი ლიდერის გარდაცვალების ან ქმედუუნაროს გამოცხადების შემთხვევაში, ექსპერტთა ასამბლეა მის მემკვიდრეს ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით აირჩევს.

ექსპერტთა ასამბლეის წევრებს პირდაპირი არჩევნების გზით ირჩევენ. არჩევნები ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ტარდება. 

ექსპერტთა ასამბლეას აიათოლა აჰმად ჯანათი თავმჯდომარეობს, რომელიც ამავდროულად კონსტიტუციის მცველთა საბჭოს ხელმძღვანელობს.

ზედამხედველობის (მიზანშეწონილობის) საბჭო

ზედამხედველობის საბჭო ირანის უზენაესი ლიდერის სათათბირო, მრჩეველთა ორგანოა, რომელიც წყვეტს პარლამენტსა და კონსტიტუციის მცველთა საბჭოს შორის არსებულ დავებს კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

საბჭოს 45 წევრს უზენაესი ლიდერი ნიშნავს 5 წელიწადში ერთხელ. წევრები შეიძლება იყვნენ რელიგიური მოღვაწეები, პოლიტიკოსები. საბჭოს თავმჯდომარეობს აიათოლა სადექ ამოლი ლარიჯანი, მკაცრი კონსერვატორი, რომელიც უწინ მართლმსაჯულების სისტემას მეთაურობდა.

მართლმსაჯულების სისტემის მეთაური

ირანის მართლმსაჯულების სისტემის მეთაურს უზენაესი ლიდერი ნიშნავს. იგი უზენაესი ლიდერის წინაშეა ანგარიშვალდებული და ხელმძღვანელობს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას, რომლის შემადგენლობაში შემავალი სასამართლოები და მოსამართლეები უზრუნველყოფენ ისლამური კანონების შესრულებას და განსაზღვრავენ სამართლებრივ პოლიტიკას.

მართლმსაჯულების სისტემის მეთაური წარადგენს კონსტიტუციის მცველთა საბჭოს 6 წევრს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს.

ამჟამად ირანის მართლმსაჯულების სისტემას ებრაჰიმ რაისი ხელმძღვანელობს, რომელიც კენჭს იყრის საპრეზიდენტო არჩევნებში და დიდი ალბათობით, სწორედ ის ჩაანაცვლებს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჰასან როჰანის.

ელექტორატი

ირანის 83-მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს ხმის მიცემის უფლება აქვს - ყველას 18 წლის ზემოთ. ახალგაზრდები ამომრჩეველთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ, მოსახლეობის თითქმის ნახევარი 30 წლამდეა.

შეიარაღებული ძალები

შეიარაღებული ძალები მოიცავს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) და რეგულარულ არმიას.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დაფუძნდა ისლამური რევოლუციის შემდეგ, ისლამური სისტემის დასაცავად. მას შემდეგ იგი გახდა მთავარი შეიარაღებული, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა ირანში, მჭიდრო კავშირშია უზენაეს ლიდერთან.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ფლობს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს და კურირებს ირანის სტრატეგიულ შეიარაღებას.

იგი ასევე აკონტროლებს გასამხედროებულ "ბასიჯის წინააღმდეგობის ძალებს", რომელიც ორიენტირებულია აღკვეთოს შიდა წინააღმდეგობრივი, დისიდენტური მოძრაობები.

გუშაგთა კორპუსის ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირს უზენაესი ლიდერი ნიშნავს. გუშაგთა კორპუსი და მისი ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ უზენაესი ლიდერის წინაშე.

კაბინეტი

მინისტრთა კაბინეტის წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი. კაბინეტს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ან პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

კაბინეტის საკვანძო თანამდებობის პირებს პრეზიდენტი უზენაეს ლიდერთან შეთანხმებით ნიშნავს, რომელიც ასევე განსაზვრავს პოლიტიკის ძირითად საკითხებს.

წყარო: BBC