ავღანეთიდან ბოლო ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანიდან რამდენიმე საათში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნამა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამიერიდან, "ამერიკისა და ავღანეთის ურთიერთობებში ახალი თავი იხსნება".
"ამერიკისა და ავღანეთის ურთიერთობებში ახალი თავი იხსნება. ეს არის ის, სადაც წამყვანი იქნება ჩვენი დიპლომატია. სამხედრო მისია დასრულდა, დაიწყო ახალი დიპლომატიური მისია", - თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონსა და "თალიბანის" ახალ ადმინისტრაციასთან ნებისმიერი ურთიერთობა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ, ამერიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესებით.
"ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, დაფუძნებული იქნება არა იმაზე, თუ რას ამბობს თალიბანის მთავრობა, არამედ რას აკეთებს თავისი ვალდებულებების შესასრულებლად", -განაგრძო მან.
სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო "თალიბანის" ლეგიტიმურად აღიარების საკითხს.
"თალიბანი" საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის მიღებას ესწრაფვის. ჩვენი გზავნილი შემდეგია - ნებისმიერი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა უნდა დაიმსახურო", - თქვა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ გააგრძელებს ავღანეთში დარჩენილი აშშ-ის მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების დახმარებას, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ქაბულში საელჩო დახურა და დიპლომატიური წარმომადგენლობა ყატარის დედაქალაქ დოჰაში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატების ბოლო სამხედრო თვითმფრინავმა ქაბულის აეროპორტი გვიან ღამით დატოვა, რითაც ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი მისია ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა.