ჰიჯაბი, ნიქაბი, ბურკა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სპეციალური სამოსისა/თავსაბურავისა, რომლის ტარებასაც მუსლიმ ქალებს თავიანთ აღმსარებლობა ავალდებულებს.
ზოგიერთი ქალი თავსაბურავებს ტანის, მხრების, თავის, ყელისა და თმების დასაფარად ატარებს, ზოგიერთი კი მთლიანად სახის დასაფარად.
თავსაბურავები განიხილება როგორც რელიგიური რწმენის სიმბოლო, თუმცა ყველა არ იზიარებს მათი ტარების ვალდებულებას და ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულიც კი არის საზოგადოებრვივი თავშეყრის ადგილებში ისეთი თავსაბურავის ტარება, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ამ სამოსის ტარების აკრძალვას ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციად მიიჩნევს.
ვნახოთ, რა განსხვავებაა მუსლიმურ თავსაბურავებს შორის:
ბურქა/ბურკა - არის მუსლიმი ქალების სამოსი, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულს, თავსა და სახეს;
ჰიჯაბი - არის მუსლიმი ქალების თავსაბურავი. ბურკისა და ნიქაბისგან განსხვავებით, ჰიჯაბი არ ფარავს სახეს. იგი ფარავს თავს/თმას და ყელს;
ნიქაბი - ხშირად ერევათ ბურქაში. თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა, ნიქაბი ფარავს მთელ სახეს, გარდა თვალებისა, ბურქა კი მთელ სახეს ფარავს;
ჩადრი - ფარავს ქალის სხეულს თავიდან კოჭებამდე, თუმცა სახე ღიაა;
შეილა - გრძელი თავსაბურავი, რომელიც თავისუფლად, სამაგრების გარეშე არის მოხვეული თავზე;
ჰიჯაბ-ამირა - ფარავს თავსა და მხრებს;
ჰიმარი - მოსახვევი წელამდე, აქვს ჭრილი სახისთვის.
ქვეყნები, სადაც აკრძალულია თავსაბურავი, რომელიც ფარავს სახეს:
საფრანგეთი - პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც აიკრძალა თავსაბურავის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საფრანგეთში 2011 წელს აიკრძალა თავსაბურავების ტარება, რომელიც ფარავს სახე. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ აიხსნა შემდეგნაირად - "ეს კანონი დაიცავს ქალებს და უზრუნველყოფს თანასწორობას". საფრანგეთის კანონმდებლობით აკრძალულია ბურქა და ნიქაბი. ყველას, ვინც დაარღვევს კანონს, დაეკისრება ჯარიმა 150 ევროს ოდენობით. ხოლო ვინც აიძულებს ქალებს ატაროს თავსაბურავი, ის 30 ათასი ევროთი დაჯარიმდება.
ბელგია
საფრანგეთის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ბელგიაშიც 2011 წელს აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავსაბურავის ტარება, რომელიც ფარავს სახეს. კანონდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 1378 ევროს ოდენობით, ან შვიდი დღით თავისუფლების აღკვეთა.
ნიდერლანდები
2015 წელს ნიდერლანდების სამეფომ ნაწილობრივ აკრძალა თავსაბურავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებს ეკრძალებათ სახის დაფარვა სკოლებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
იტალია
იტალიას არ აქვს კანონმდებლობა ეროვნულ დონეზე, რომელიც მთელ ქვეყანაში კრძალავს თავსაბურავის ტარებას, რაც ფარავს სახეს. თუმცა ქალაქ ნოვარას ადმინისტრაციამ დააწესა გარკვეული სახის შეზღუდვები. ჯარიმები არ არის დადგენილი. 2016 წელს ლომბარიის რეგიონმა აკრძალა ბურქის ტარება. ქალებს ეკრძალებათ სახის დაფარვა საავადმყოფოებსა და საჯარო დაწესებულებებში.
ესპანეთი
ესპანეთში, კატალონიის რეგიონის ზოგიერთ ნაწილში არსებობს კანონი ნიქაბისა და ბურქის აკრძალვის შესახებ. 2013 წელს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა აღნიშნული აკრძალვა ზოგიერთ ნაწილში, რადგან ის ზღუდავს რელიგიურ თავისუფლებას.
ჩადი
2015 წელს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შემდეგ, ჩადში ქალებს აეკრძალათ თავსაბურავის ტარება, რომელიც ფარავს სახეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, უნდა დაიწვას ყველა ბურკა, სადაც კი შეიძლება იგი იყიდებოდეს. ბურქის ტარების გამო შესაძლოა ადამიანი საპატიმროში მოხვდეს.
კამერუნი
ჩადში მიღებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, 2015 წელს კამერუნის 5 პროვინციაში აიკრძალა თავსაბურავის ტარება.
ნიგერია
თავსაბურავი აკრძალულია დიფაში, ნიგერიის ერთ-ერთ რეგიონში.
კონგო
თავსაბურავის ტარება აიკრძალა 2015 წელს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "ტერორისტული თავდასხმების თავიდან არიდების" მოტივით.
თურქეთი
თურქეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია, 2013 წლამდე მოქმედებდა სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაბურავის აკრძალვის კანონი. დღეს კი, ქალებს შეუძლიათ ატარონ თავსაბურავები ყველგან, სადაც მათ მოესურვებათ, იქნება ეს კაფე-ბარი, სასამართლო, პოლიცია თუ სამხედრო სამსახური.
შვეიცარია
შვეიცარიაში, ტიჩინოს რეგიონში, მუსლიმ ქალებს ეკრძალებათ თავსაბურავის ტარება მაღაზიებში, რესტორნებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში.
გერმანია
გერმანიაში ბურქისა და ნიქაბის ტარება ნაწილობრივ აიკრძალა. ბურქის და ნიქაბის ნაწილობრივ აკრძალვის ინიციატივით გერმანიის კანცლერი გამოვიდა. ანგელა მერკელს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაუჭჲრა მხარი, რომელიც თვლის, რომ გერმანულ საზოგადოებაში სახის გამოჩენა აუცილებელია.
დანია
2018 წელს დანიაში მიიღეს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იმ ნივთების ტარების აკრძალვას გულისხმობს, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, მათ შორის ნიქაბი და ბურკა.
შრი-ლანკა
შრი-ლანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალება ისეთი სამოსი, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქვეყანაში 2019 წლის 21 აპრილს, ტერორისტულ აქტს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.