8 საჯარო სკოლა, რომლებიც დირექტორებმა დატოვეს, ცნობილია. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რამდენიმე სკოლის დირექტორი დაიბარეს. "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი, თეა თუთბერიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასახელებს გუშინ გათავისუფლებული დირექტორების გვარებს.
მისი ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან 173-ე სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი, 161-ე სკოლის დირექტორი მიხეილ მინდაძე, 151-ე სკოლის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, 117-ე სკოლის დირექტორი დალილა ზუხბაია, 58-ე სკოლის დირექტორი დავით ფაღავა, 63-ე სკოლის დირექტორი ზანა მონიავა, 2-ე სკოლის დირექტორი ლია სოღოლაშვილი და 149-ე სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე.
ასევე "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს 124-ე საჯარო სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი.
თუთბერიძის განცხადებით, 9 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, აღნიშნული სკოლების დირექტორები დაიბარეს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ირაკლი ანდრიაძის კაბინეტში, სადაც მათ თანამდებობების დატოვება მოსთხოვეს.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე დირექტორებს ჩანთებისა და მობილური ტელეფონების შეტანის უფლება არ მისცეს, რადგან ფარული ჩანაწერის გაკეთების შეეშინდათ.
"მათ შეეშინდათ არ განმეორებულიყო იგივე, რაც მე-14 სკოლის დირექტორთან დაკავშირებით მოხდა", - "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს თუთბერიძე და დასძენს, რომ დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლება მათი სკოლის მოსწავლეების გუშინდელ აქციაში მონაწილეობამ განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 23-ე სკოლაში სტუმრობისას დაადასტურა, რომ თბილისის 8 საშუალო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
შაშკინის მტკიცებით, დირექტორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღეს და თანამდებობაც საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვეს.