ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი" გმობს ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს, - ამის შესახებ დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰედმა განაცხადა.
ზაბიულა მუჰაჯედმის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქება იმ ტერიტორიაზე მოხდა, რომელსაც შეერთებული შტატების სამხედროები აკონტროლებენ, რითაც "თალიბანმა" პასუხისმგებლობა მოიხსნა მომხდართან დაკავშირებით.
"ისლამური საამირო მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მომხდარ აფეთქებას იმ ტერიტორიაზე, სადაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი ამერიკელი სამხედროები არიან", - წერს მუჯაჰედი სოციალურ ქსელში.
"თალიბანის" კიდევ ერთი სპიკერის, სუჰაილ შაჰინის განცხადებით. "ავღანეთის ისლამური საამირო დიდ ყურადღებას უთმობს თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და დაცვას".
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ევაკუაციის მომლოდინე აურაცხელი ადამიანი იყო თავმოყრილი, ორი აფეთქება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ტერორისტულ აქტს სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ამერიკელი საზღვაო ქვეითი.