ბათუმში ონლაინ სპექტაკლების ჩვენება იწყება. ღონისძიება „ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი 2021“-ის ფარგლებში ხორციელდება.
გათვალისწინებულია 5 სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი 24 აგვისტოდან ყოველდღიურად, ფესტივალის ფეისბუქის გვერდის საშუალებით ნახავს.
აღსანიშნავია, რომ სმენის არმქონე პირებისთვის ყველა სპექტაკლს სურდო თარჯიმანი ჟესტების ენაზე თარგმნის.
ფესტივალი ბათუმის მერიის მონაწილეობითი ბიუჯეტირების, პროექტის - „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში ხორციელდება და კულტურული ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
ფესტივალის საშუალებით საზოგადოება ახალგაზრდა, თანამედროვე დრამატურგების, რეჟისორებისა და მსახიობების მიერ შექმნილ შემოქმედებით პროდუქტს გაიცნობს.
შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფესტივალი გაიმართება პირდაპირი ჩართვით (ლაივსტრიმის მეშვეობით), რომელიც შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UH1ZzE