პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი "საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების პროგრამის" გაგრძელებას ითხოვს.
აღნიშნული საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დააყენა.
მისი თქმით, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო კულტურული ღონისძიების დაფინანსების 162 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე და ქართული სეზონის დაფინანსების 2 მლნ. 687 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაზრდა, მისასალმებელია, მაგრამ 2011 წლის ბიჯეტში საზღვარგარეთ ქართული საკვირაო სკოლების დაფინასება 0 ლარია, რაც უნდა გამოსწორდეს.
"განათლების კომიტეტში ბიუჯეტის განხილვის დროს საზღვარგარეთ საკვირაო სკოლებისთვის წიგნების შეძენის საკითხს დავაყენებ. შეიძლება სამინისტროს ეს პროგრამა სხვადასხვა ნაწილებში ჰქონდეს ჩადებული, მაგრამ მთავრია, ეს თანხები არ დაიკარგოს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს საზღვარგარეთ საკვირაო სკოლებისთვის მიწოდება", - აღნიშნა წიკლაურმა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით კი "საზღვარგარეთ საკვირაო სკოლებისთვის დახმარების პროგრამა" ერთჯერადი იყო და განათლების სამინისტრო თუ საჭიროდ ჩათვლის, თავის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარის გამოყოფა არ გაუჭირდება.