თბილისის რამდენიმე სკოლის დირექტორს თანამდებობიდან სავარაუდოდ დღესაც გაათავისუფლებენ. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დღეს, რამდენიმე სკოლის დირექტორი დაიბარეს.
"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი, თეა თუთბერიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასახელებს გუშინ გათავისუფლებული დირექტორების გვარებს.
მისი ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან 173-ე სკოლი დირექტორი მზია გიორგობიანი, 161-ე სკოლის დირექტორი მიშა მინდაძე, 151-სკოლის დირექტორი, ეკატერინე ხუციშვილი, 117-ე სკოლის დირექტორი დალილა ზუხბაია.
ასევე "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს 124-ე საჯარო სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი, რომელიც ამჟამად სკოლაში არ იმყოფება და მის მოვალეობას სხვა მასწავლებელი ასრულებს.
თუთბერიძის განცხადებით, გუშინ დაახლოებით 20:00 საათზე, აღნიშნული სკოლების დირექტორები დაიბარეს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ირაკლი ანდრიაძის კაბინეტში, სადაც მათ თანამდებობების დატოვება მოსთხოვეს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დირექტორებს ჩანთების და მობილური ტელეფონების შეტანის უფლება არ მისცეს, რადგან ფარული ჩანაწერის გაკეთების შეეშინდათ.
"მათ შეეშინდათ არ განმეორებულიყო იგივე, რაც მე-14 სკოლის დირექტორთან დაკავშირებით მოხდა", - "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს თუთბერიძე და დასძნეს, რომ დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლება მათი სკოლის მოსწავლეების გუშინდელ აქციაში მონაწილეობამ განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 23-ე სკოლაში სტუმრობისას დაადასტურა, რომ თბილისის 8 საშუალო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან.
შაშკინის მტკიცებით, დირექტორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღეს და თანამდებობებიც საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვეს.