მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო, რომელმაც მისი მოწინააღმდეგეც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად წინ წაწია– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ფოთში, ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში და ბიძინა ივანიშვილი დავტოვოთ სახლში. ეს ადამიანი არის სახლში და სახლიდან მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს. ბევრი ქართველი შეაგუა ამ ადამიანმა, რომ სახლში წამოკოტრიალებული დამცინავად, აბუჩად ამგდებად მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს. როდის უნდა გამოვტაცოთ ეს სახელმწიფო მიმტაცებელს, როდის, თუ არა 2 ოქტომბერს. ძალიან მიხარია, რომ ფრონტის წინა ხაზზე, ავანგარდში დგას რეფერენდუმის ლიდერი. ფოთში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მერობის კანდიდატი იქნება გიგი უგულავა გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო, რომელმაც მისი მოწინააღმდეგეც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად წინ წაწია. ეჭვი არ მეპარება, რომ იმავეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ხალხმა, დავივიწყოთ ერთი, ორი, სამი ან ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, აღარ არის ეს პარტიული ბრძოლა, ეს არის საზოგადოების ბრძოლა. ჩვენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა ამპლუით ვართ ამ ბრძოლაში ჩართული“, - თქვა მელიამ.