ავღანეთიდან მიგრანტების შესაძლო შემოდინების შიშით, საბერძნეთმა თურქეთის საზღვართან 40-კილომეტრიანი ღობე აღმართა და სათვალთვალო სისტემა დაამონტაჟა.
"უფლება არ გვაქვს უმოქმედოთ ვიყოთ და მოსალოდნელ შედეგებს დაველოდოთ. ჩვენი საზღვრები ხელშეუხებელი დარჩება", - განაცხადა საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა.
მისი განცხადებით, ავღანეთში შექმნილმა კრიზისმა შექმნა ახალი წინაპირობები ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდისთვის.
მანამდე, თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ავღანელ მინგრანტებზე იზრუნონ.
მიგრანტთა მოსალოდნელი ნაკადების საკითხთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი გამართეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.
ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შეშფოთება და აღნიშნეს, რომ ავღანელი მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ყველასთვის პრობლემა შეიძლება იყოს.
"მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია, თუ აუცილებელ ზომებს არ მივიღებთ", - თქვა ერდოღანმა.
ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამყარებამ უამრავი ავღანელი აიძულა, დაეტოვებინა სამშობლო. აურაცხელი მოქალაქე, რომელსაც ქვეყნის დატოვება სურს, ჯერ კიდევ ქაბულის აეროპორტშია და გამგზავრებას ელის.
2015 წელს საბერძნეთი იყო ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც მიგრაციის კრიზისში აღმოჩნდა. მილიონობით ადამიანმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს გამოექცა, თურქეთის გავლით თავი ევროპას შეაფარა.
ლტოლვილთა უმეტესობა ჩრდილოეთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადავიდა, მაგრამ საბერძნეთში დაახლოებით 60 000 ადამიანი დარჩა.
წარსულის გამოცდილების ფონზე, ათენი გამოვიდა მკაცრი გაფრთხილებით, რომ მზად არის უკან გააბრუნოს ყველა ავღანელი მიგრანტი, რომელიც უკანონდ შევა საბერძნეთის ტერიტორიაზე.