რომის პაპმა ფრანცისკემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსახლეობას კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა შეაქო მკვლევარებისა და მეცნიერების მუშაობა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნისთვის.
"ღვთის წყალობით და მრავალი ადამიანის შრომის შედეგად, ჩვენ ახლა ვაქცინები გვაქვს, რომელიც კორონავირუსისგან გვიცავს", - თქვა რომის პაპმა.
პაპი ფრანცისკეს განცხადებით, "ვაქცინა პანდემიის დასრულების იმედს აჩენს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და თუ ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან".
ვაქცინაცია როგორც სიყვარულის აქტი
რომის პაპის განცხადებით, ვაქცინა, რომელიც ავტორიტეტული და უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამტკიცდა, არის სიყვარულის აქტი.
მისივე თქმით, სხვა ადამიანების დახმარება ასევე არის სიყვარულის აქტი.
"საკუთარი თავის სიყვარული. ჩვენი ოჯახების, მეგობრების და ყველა ადამიანის მიმართ სიყვარული. სიყვარული ასევე არის სოციალური და პოლიტიკური“.
რომის პაპმა აღნიშნა, რომ სოციალური და პოლიტიკური სიყვარული იქმნება "მცირე, ინდივიდუალური ჟესტების საშუალებით, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას და გააუმჯობესოს საზოგადოებები".
"ვაქცინაცია მარტივი, მაგრამ ღრმა გზაა, საერთო სიკეთისთვის და ერთმანეთზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებით მათზე ზრუნვისთვის, ვინც ყველაზე მეტად დაუცველია", - აცხადებს პაპი.
თავად რომის პაპი მარტში აიცრა.