"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა" და მწერალთა სახლის ერთობლივი გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამების გამარჯვებულები ცნობილია: ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში, გაემგზავრება ორი ქართველი ავტორი - თაკო ფოლადაშვილი და თეა თოფურია, ხოლო უკრაინის ქალაქ ლვოვში, ახალ ნაწარმოებზე ნანა აბულაძე იმუშავებს. ეს უკანასკნელი, ასევე, დაესწრება საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ, "ლვოვის წიგნის ფორუმს", რომელიც 15-19 სექტემბერს გაიმართება.
თავის მხრივ, მწერალთა სახლი, თბილისში, ესპანელ და უკრაინელ ავტორებს უმასპინძლებს.
გაცვლით სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება ივლისის მიწურულს დაიწყო. მიიღებოდა განაცხადები ნებისმიერი ჟანრის მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტზე სამუშაოდ.
ავტორების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო: სამწერლო გამოცდილება, ტექსტის ხარისხი და სამოტივაციო წერილით იმის დასაბუთება, თუ რის მიღწევაში დაეხმარებოდა ავტორს სარეზიდენციო პერიოდი.
ლა კორუნიაში მასპინძელი რეზიდენციის ინიციატივით, პროგრამაში მონაწილეობას ერთის ნაცვლად, ორი ქართველი ავტორი მიიღებს. თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი, ლა კორუნიაში, ოქტომბერში, ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.
ლვოვის სარეზიდენციო პროგრამა, ასევე, მოიცავს ორ კვირას და განხორციელდება მიმდინარე წლის 1-20 სექტემბრის პერიოდში. პროექტის პარტნიორები არიან ლვოვის ქალაქის საბჭო და "ლვოვი - იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი".
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.