ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" განცხადებით, მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის სიახლოვეს მდებარე ბაგრამის სამხედრო ავიაბაზასა და საპატიმროზე. იუწყება BBC.
სამხედრო ბაზა ქალაქ ბაგრამში, ფარვანის პროვინციაში მდებარეობს. განლაგებულია ქაბულის ჩრდილოეთით 60 კილომეტრში.
ბაგრამის კომპლექსი იყო თალიბანისა და ალ-ყაიდას წინააღმდეგ ომის ეპიცენტრი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, ვიდრე მას გასულ თვეში ამერიკელი სამხედროები დატოვებდნენ.
შეერთებული შტატების სამხედრო დანაყოფები საერთაშორისო კოალიციის ჯარებთან ერთად ავღანეთში 2001 წელს შევიდნენ. სწორედ მას შემდეგ, ბაგრამი გახდა უზარმაზარი სამხედრო ბაზა, რომელიც 10 000-მდე ჯარისკაცს იტევს.
ბაგრამის კომპლექსში ასევე განთავსებულია საპატიმრო, სადაც დაახლოებით 5 000-მდე თალიბანის წარმომადგენელია დაკავებული. "თალიბანის" წყაროები აცხადებენ, რომ მათ გაათავისუფლეს პატიმრები.
ვითარება ქაბულში ყოველწუთიერად იცვლება.
ცოტა ხნის წინ, ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანის მებრძოლები ქაბულში შევიდნენ.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში განაცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მებრძოლები ქალაქზე თავდასხმას არ გეგმავენ, რადგან მათი მიზანია ქაბულის უბრძოლველად აღება.
BBC-ის ცნობით, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ "ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება" და შეიქმნება გარდამავალი მთავრობა". მისი თქმით, ქაბული თავდასხმის ქვეშ არ მოექცევა.
საინფორმაციო სააგენტო Associated Press, ავღანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ თალიბანის წარმომადგელები პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან, რათა მოემზადონ ძალაუფლების "გადაცემისათვის".