ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა.
„ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ვიცი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო გამოეწვია მათი სიკვდილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.