"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ოფისში საარჩევნო კოდექსის შეცვლის ინიციატორი 8 ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციები - "IRI" და "NDI" ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილე პარტიების ლიდერების შეფასებით, დიალოგი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ სხვადასხვა ტექნიკური საკითხი განიხილეს და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კიდევ ერთხელ მიიღეს დასტური, მოლაპარაკებების პროცესში უცხოელი დამკვირვებლების ჩართვასთან დაკავშირებით.
"ხელისუფლებაზე ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზრდება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს, ანუ დაკვეთა საარჩევნო რეფორმაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი ოპოზიციის მხრიდან არ ჩავარდეს", - განაცხადა "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.