2010-2011 წლებში ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი კომპანია "რომპეტროლ საქართველო" იქნება.
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და "რომპეტროლის" ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში გააფორმეს.
უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ყველა შეჯიბრებას "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელი დაერქმევა. უშუალოდ მხარეებთან ერთად, მემორანდუმის გაფორმებაში მონაწილეობა სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმაც მიიღო.
"ეს მემორანდუმი საუნივერსიტეტო სპორტს მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება. წინ უმნიშვნელოვანესი წელი გველის, რომელიც არაერთი სპორტული ღონისძიებით იქნება დატვირთული. უახლოეს დღეებში ქარიშხალას სპორტულ კომპლექსში ფუტსალის სტუდენტური ლიგა აიღებს სტარტს, დეკემბერში გაიმართება შეჯიბრები ბილიარდის მოყვარულებს შორის, შემდეგ სტუდენტური ლიგა კალათბურთში. ახალი წლიდან კი რომპეტროლიადა გუდაურში, სამთო-სათხილამურო სპორტში გამოავლენს საუკეთესოებს. გაზაფხულზე დაგეგმილი გვაქვს სტუდენტური კროსის ჩატარება და "უნივერსიადა 2011". ზაფხულში კი სტუდენტური თამაშები ურეკში და სტუდენტური ლიგა ფუტსალში. რაც მთავარია, მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიოს უნივერსიადაშიც, რომელიც 2011 წლის აგვისტო-სექტემბერში, ჩინეთში გაიმართება", - განაცხადა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკოლოზ ამაშუკელმა.