ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა" დაიპყრო ავღანეთის ღაზნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ღაზნი.
ღაზნის დაკავებით "თალიბანი" ბოლო ერთ კვირაში, მე-10 პროვინციის დედაქალაქს დაეპატრონა.
ქალაქი ღაზნი მდებარეობს ქაბულისა და ყანდაარის დამაკავშირებელ გზაზე.
ღაზნის დაპყრობით იზრდება შესაძლებლობა, რომ თალიბანმა უახლოეს მომავალში საბოლოოდ ხელში ჩაიგდოს დედაქალაქი ქაბული.
ქვეყნის 34 პროვინციის დედაქალაქის თითქმის მესამედს ახლა უკვე თალიბანი აკონტროლებს.
ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარების გასვლის ფონზე, თალიბანის მებრძოლები სწრაფად მოქმედებენ და თითქმის ყოველდღიურად ახალ ტერიტორიებს იკავებენ.
ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობდა ქალაქ ყანდაარში. თალიბანი იუწყება, რომ აიღო ქალაქში არსებული საპატიმრო, საიდანაც პატიმრები გაათავისუფლა, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
პარალელურად, ექსტრემისტებმა დაიკავეს ჰელმანდის პრონვიციის დედაქალაქ ლაშქარგაჰში მდებარე პოლიციის დეპარტამენტის შენობა.
გაეროს ინფორმაციით, საბრძოლო შეტაკებების შედეგად, გასულ თვეში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გამწვავებული ვითარების ფონზე, 11 აგვისტოს ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაემგზავრა ბალხის პრონვიციის დედაქალაქ მაზარ-ე შარიფში, რათა დაერაზმა ავღანეთის სამთავრობო ძალები თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც ამ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქის ხელში ჩაგდებას ესწრაფვიან.
მაზარ-ე შარიფის დაკარგვით, მთლიანად ჩამოიშლება ქაბულის კონტროლი ჩრდილოეთ ავღანეთზე.