კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47 პროცენტი აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა, - ასეთია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშის შედეგები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 35 პროცენტი კი აცხადებს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა, შვიდი პროცენტის თქმით, ვაქცინა უკვე გაიკეთა, ხოლო 11 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.
ამასთან, იმ პირებიდან, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, აცრაზე უარის თქმის მიზეზად 47 პროცენტი ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აცრაზე უარს ამბობს გამოკითხულთა 20 პროცენტი; 7 % მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს; ორი პროცენტი ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია, 5 პროცენტი სხვა მიზეზს ასახელებს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა ხუთმა პროცენტმა.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.