მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. გამოკითხულთა 30%-მა პროცენტმა კონკრეტული პარტია დაასახელა, 19 %-მა აღნიშნა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.
მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ექვსმა პროცენტმა, ასევე ექვსმა პროცენტმა დაასახელა სხვა პარტიები. 10-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის. პასუხზე უარი განაცხადა ცხრა პროცენტმა.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.