საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილე 13 სამართალდამცველი ვახტან გორგასლის სახელობის I, II და III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა. პრეზიდნეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების გამო მადლობა გადაუხადა. შეხვედრა და დაჯილდოების დახურული ცერემონიალი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
"მინდა შევეხო საკითხს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშური ქსელის აღმოჩენასთან და დაკავებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაციაა და მნიშვნელოვანი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა იმყოფება მუდმივი წნეხის ქვეშ და არაოკუპირებულ ნაწილზე დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობების პირობებში. ჩვენ ვიცავთ თავს და ჩვენი კონტრმზვერავები არიან ამ თავდაცვის 1-ელ ხაზზე. მინდა დიდი მადლობა გითხრათ და გისურვოთ შემდგომი წარმატებები საქართველოს მტრის მოქმედებებისა და ხრიკების შესაჩერებლად და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია, სახელწოდებით "ენვერი", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა. ოპერაციის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავეს. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულებს შორის ოთხი რუსეთის, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეა.