განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოპოზიციას "მე-12 კლასელების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერაში" ადანაშაულებს.
"როგორც ჩანს, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ამოწურა ყველა რესურსი და ახლა ცდილობს მე-12 კლასელების ხარჯზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს, რაც სამარცხვინო და სამწუხაროა", - ასე პასუხობს მინისტრი იმ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ატესტატის ასაღებად 8 გამოცდის ჩაბარების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
განათლების მინისტრი იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება და იმაშიც დარწმუნებულია, რომ გამოცდებს წარმატებით მე-12 კლასელების 95 % ჩააბარებს.
"იმის გამო, რომ ეს მეთოდი წელს პირველად განხორციელდება, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ძალიან შევამცირეთ. გამოცდებს ყველა მე-12 კლასელი ჩააბარებს და ეს იმისთვის კეთდება, რომ ცოდნის ხარისხი იყო მაღალი. გამოცდებში საშიში არაფერია, ის საკმაოდ ადვილი იქნება", - აცხადებს შაშკინი.