ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია "ბიომეტრიული პასპორტებით მიშას დამხობის ზღაპარში" მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, თუ მას პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრა სურს ამისთვის მაჭანკლები არ სჭირდება და კარგ იქნება თუ მის მაგივრად სხვა ოპოზიციონერები კომენტარებს არ გააკეთებენ.
"კარგი იქნება თუ ყველა თავის მამიდას მიხედავს და ბაქრაძესთან შეხვედრა თუ მომინდება არავის მაჭანკლობა არ მჭირდება. თვითონ მოვახერხებ. ამიტომ ჩემი სახელით თითქოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით 8 პარტიის ინიცირებულ მოლაპარაკებებში ჩართვას ვაპირებდე, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მიშას ბიომეტრიული პასპორტებით დამხობის ზღაპრის არ მჯერა", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, იგი მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან აწარმოებს, რომელთან ერთადაც შეიმუშავებენ კანონპროექტს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
"არჩევნები, რომ სამართლიანად ჩატარდეს ამისთვის მნიშვნელობა არ აქვს პასპორტში ბიომეტრიული თუ თეთრი ფოტო იქნება, მთავარია, მოხდეს გარემოს გაჯანსაღება. კერძოდ კი პარტიების დაფინანსება უნდა განისაზღვროს, ასევე სატელევიზიო სივრცე თანაბრად უნდა გამოიყოს ყველა პარტიისთვის და საარჩევნო ადმინსიტრაციების დაკომპლექტებაც პარიტეტულად უნდა მოხდეს", - აღნიშნა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ რომ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ლევან ვეფხვაძეს პარალმენტის თავმჯდომარეს დღევანდელ სესიაზე მოუწოდა გამოაცხადოს ოფიციალური თარიღი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების, რაზეც ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და მოლაპარაკებების დაწყებაზე ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.