"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ოფისში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატორი 8 კვალიფიციური, ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე პარტიების ლიდერებს ირაკლი ალასანია დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის დეტალებს აცნობს. შეხვედრაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელისუფლებასთან გასამართ მოლაპარაკბების პროცესს იმედიანად უყრებენ, თუმცა ინფორმაციას არ ფლობენ, თუ კონკრეტულად როდის დაიწყება ხელისუფლებასთან კონსულტაციები.
"საპარლამენტო უმცირესობის ერთ ნაწილს ამ საკითხთან დაკავშირებით, პროცესში მონაწილეობის სურვილი უკვე დაფიქსირებული აქვს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, ისინი ალბათ, უახლოეს მომავალში დააფიქსირებენ საკუთარ შეხედეულებებს. ჩვენთვის, 8 პარტიისთვის ეს თემა კარგა ხნის გარკვეული და ჩამოყალიბებულია. კარგია, რომ ასეთივე მზაობის პოზიცია აქვს ხელისუფლებასაც და კიდევ რამდენიმე სხვა პოლიტიკურ სუბიექტსაც, რაც კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს პროცესს", - ე.წ. რვიანის შეხვედრის დაწყების წინ, განაცხადა "მემარჯვენეების" წევრმა მამუკა კაციტაძემ.
დავით უსუფაშვილის შეფასებით კი, მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია და ამ ეტაპზე სწორი მიმართულებით მიდის.
"8 პოლიტიკური პარტია არის მზად საქმიანად ჩაერთოს ამ პროცესში. დანარჩენი დეტალები უახლოეს მომავალში გაირკვევა. პროცესი დაწყებულია და ჯერ ჯერობით სწორი მიმართულებით მიდის", - აღნიშნა "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.