ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები ისტორიის კუთვნილება გახდა, ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა.
ეს იყო დახურვის ცერემონია, გაჯერებული იაპონური კულტურით, ტრადიციებით და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც უმაყურებლოდ ჩატარებულ სანახაობას ტელეაუდიტორიისთვის უფრო ეფექტურს ხდიდა.
COVID -19-ის პანდემიამ, ისევე როგორც ოლიმპიადის გახსნას, დახურვასაც დაატყო თავისი კვალი. დელეგაციები მეტად მწირად იყვნენ წარმოდგენილი. ტრიბუნებზე კი მხოლოდ ოფიციალური პირები, ეროვნულ დელეგაციათა ხელმძღვანელები და ორგანიზატორები იმყოფებოდნენ, მთლიანობაში - ათას კაცამდე.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა თამაშების დახურვის ცერემონიაზე, ტრადიციულად, დააჯილდოვა მარათონელები. სხვაობა ის იყო, რომ პირველად ისტორიაში, დახურვის ცერემონიაზე მარათონელი ქალებიც დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიის მოჰყვა ოლიმპიური დროშის გადაცემა. ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ ოლიმპიური დროშა თომას ბახს გადასცა, მან კი თავის მხრივ, პარიზის მერს.
თომას ბახმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ როგორც იქნა, სპორტი უმთავრეს სცენას დაუბრუნდა. სპორტსმენების და ოლიმპიური სახოგადოების სახელით თამაშების ჩატარებისთვის იაპონელებს მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი თამაშები დახურულად გამოაცხადა.
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იყო კარატეში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონატის და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გოგიტა არქანია.
ოლიმპიური თამაშების გასაღები პარიზმა ჩაიბარა, რომელიც სამ წელიწადში - 2024 წელს XXXIII ოლიმპიურ თამაშებს მიიღებს.
ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტმა ოლიმპიელმა მედლების 339 კომპლექტი სპორტის 33 სახეობის 50 დისციპლინაში გაითამაშეს.
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოს თამაშები 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით და მედლების ჩათვლაში 33-ე საფეხურზე დაასრულა.
დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ყველაზე მეტი სწორედ ტოკიოში მედალი მოვიპოვეთ.
მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლით საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული პეკინის 2008 წლის თამაშები იყო, სადაც ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ ჩემპიონობა იზეიმეს.
ოქროს მედლებით საქართველომ ათენის 2004 წლის და რიოს 2016 წლის თამაშების შედეგი გაიმეორა ათენში დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით უმაღლესი სინჯის მედალი პირველმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მოიპოვა, მეორე - ძალოსანმა გიორგი ასანიძემ. რიოში ჩემპიონები გახდნენ ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილის მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
დევიზი - „უკეთ, ვიდრე რიოში" შესრულებულია. ერთ თამაშებზე მოპოვებული 8 მედალი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში აქამდე არ გვქონია.
საქართველოს წარმომადგენელთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ ძიუდოისტებს ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და გურამ თუშიშვილს, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები და წევრები ტოკიოდან ხვალ გამოემგზავრებიან.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი